მოხუცი მხატვარი და გოგონა

093მოხუცი მხატვარი წყლის დენას უყურებდა, ხიდზე იდგა და რაღაც  არაამქვეყნიურზე ფიქრობდა, ვერ მიმხვდარიყო, რაზე დარდობდა.. დარდი ისე შემოაწვებოდა, თითქოს რაღაც  ძვირფასი დაეკარგა და ვერ მიეგნო, ვერ მოეხელთებინა… აი, წყლის დენა კი  ამშვიდებდა, დარდსაც უქარვებდა და ნაღველსაც… მხატვარს მირიანი ერქვა, მიროს ეძახდნენ ახლობლები… თუმცა ვინ? დედ_მამა დახოცოდა, და გათხოვილი იყო და სადღაც კი ცხოვრობდა, მაგრამ ხმას ვეღარ აწვდენდა… მარტოდმარტო, კენტად დარჩენილიყო… ოთახში, რომელიც დედ-მამისაგან დარჩენოდა, ნახატებისთვის ადგილი აღარ იყო… სახელოსნო არასოდეს  ჰქონია… ქუჩაში გადიოდა და იქ ხატავდა, ძირითადად  ქალებს… მერე იმ ნახატებს გააჩუქებდა და მდინარისკენ წავიდოდა… წყლის დენას აკვირდებოდა მოხუცი მხატვარი… ეს ჩვეულება უფრო იყო. ან ჩვევა, ხანდახან რომ აგეკვიატება ხოლმე და ვერაფრით მოიშორებ, ვერაფრით მოერევი…ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა ზოგჯერ, რომ გული სავსე ჰქონდა, უნდა დაეცალა, ის კი ამას ვერ ახერხებდა. ხანდახან მოთხრობას იხსენებდა  ბერმანზე, სიცოცხლის ფასად რომ დახატა  შედევრი…თვითონაც ელოდა, ქვეშეცნეულად, გაუაზრებლად, რაღაცას ელოდა ამ მოლოდინისთვის თავი ვერაფრით დაეღწია. რაღაც მოლოდინისმაგვარი დარდი იყო ის დარდი, რომლისთვისაც ვერაფრით ეშველა, რადგან მიზეზისთვის ვერ მიეკვლია…

დრო კი გადიოდა, შეუბრალებლად, დაუნანებლად… ხვალ  ყოველთვის გვიან დგებოდა, მაგრამ განვლილი მაინც ერთი წამი იყო-მთელი ბავშვობის, ახალგაზრდობის, სიჭარმაგის სიტკბო-სიმწრის ერთიანად დამტევი, მონაკვეთებისა და ფრაგმენტების ერთად მომქუჩებელი, გამაერთიანებელი, გამამთლიანებელი… მეგობრები შემოფანტვოდა, ხან იმას ფიქრობდა, რა იყო ეს მეგობრობა-ბევრს გასცემდა და აქეთ ვერასდროს იბრუნებდა, ან ასე უნდა ყოფილიყო… არასოდეს მოიკითხავდნენ მაშინ, როცა ძალიან სჭირდებოდა, ძალიან უჭირდა… ალბათ, თვითონაც ასე იყო, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდა, პირიქით, ფიქრობდა, რომ მიატოვეს და მარტოობისთვის გაწირეს ასე იოლად, ასე დაუნანებლად, ასე უკანმოუხედავად…

როცა წყლის დენას უყურებდა, ამაზე ფიქრობდა ხშირად…092

ფიქრებიც მოხუცდნენ თითქოს… ადრე ისე ესეოდნენ, როგორც ფუტკრები  საყვარელ თაფლის და სარგებლობის მომტან მცენარეს… ახლა სარგებლის მოტანა ალბათ, არავისთვის შეეძლო..

ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ უყურებდა მდინარის ტალღების დენას…

და უცებ  თითქოს წყლიდან ამოვიდნენო, ქალსა და პატარა გოგონას ჰკიდა თვალი…დედა-შვილი უნდა ყოფილიყვნენ, ასე იგუმანა…

დედა დაღლილი და სევდიანი იყო, თვალებში კი მდინარე დაუდიოდა თითქოს… ასე შეხედა მირიანმა, ისიც კი იგრძნო, როგორ გადაადგილდებოდა მარადმედინი წყალი და ყველაფერს იტევდა: ბავშვურ ანცობებს, დედობის სიხარულით მოგვრილ სიამაყეს და დიდ, უსაშველო სევდას… დედას თვალი მოწყვიტა და გოგონა დაინახა, კი არ დაინახა, ორი ტბა ლივლივებდა მის თვალწინ, ორი უმანკოებითა და სიწმინდით აღვსილი მზერა… ბავშვს არაბუნებრივი ფერი ედო,  უჩვეულოდ ფერმკრთალსა და გადაყვითლებულს, სახე დასიებოდა, მაგრამ ეს მზერა? მდინარეთა ხმაური და მძვინვარება ჩაუდგა ყურებში მირიანს, იგრძნო, რა უნდა ექნა… მისმა ქვეცნობიერმა წამით შეაცბუნა კიდეც, მაგრამ, არა, ამას შეცბუნება როდი ერქვა,მოლოდინის წინაშე დგომა თუ იყო ეს შეკრთომა …

– ბაბუ, დამხატე რა!

მოხუცი მხატვარი შეკრთა, სიხარულისმაგვარი გრძნობა დაუფლებოდა მთელ მის არსებას, თან ეს მიმართვა… ისე გალია წუთისოფელი, ასე აღარავის მიუმართავს მისთვის… პირქუშსა და უხასიათოს დაემსგავსა… ცხოვრებამ გააუხეშა…ახლა კი…

მის მოხუც ფიქრში თითქოს მზის სხივი შეიჭრა… ისე , როგორც ბავშვობის ოთახში ოდესღაც… როცა დედა სახლს ალაგებდა. მტვერს აფორიაქებდა სხივი, უამრავ ნაწილაკად დაფანტულს კრეფდა და კინძავდა თითქოს… მტვერი და მდინარე… შეუთავსებელი იყო … ახლა. ამ წუთას ორივე თვალწინ ჰქონდა… როგორც ოდისევსს უხვთევზება ზღვა… და მან ხატვა დაიწყო…095

მოლბერტზე გაფენილ ტილოზე იხატებოდა გოგონა… სამყარო ირეოდა უამრავ მტვრის ნაწილაკად და იქვე დუდუნებდა მდინარე… ხატავდა მოხუცი ,  თითქოსდა მუსრავდა უსულგულობასა და სიავეს,  აზავებდა და იბნეოდა ფერებად ტილოზე  გოგონას სახე…

მე ვარ – აღმოხდა გოგონას, დედის თვალთაგან მდინარე იღვრებოდა თითქოს…

დედა- შვილი მდინარის პირას იდგა… იქ,სადაც მოხუცმა მხატვარმა პატარა გოგონა დახატა ოდესღაც…

ხუთი წელი გასულიყო იმ დღიდან. მხატვარი მტვრად ქცეულიყო და მდინარის ტალღებს გაჰყოლოდა …..

გოგონა კი ზუსტად ისეთივე იყო სახით, მაშინ რომ დახატა მოხუცმა მხატვარმა…

 

ასმათ კვარაცხელია

რამდენიმე წლის წინ, ჩემი დაიკო მესტუმრა, მოვუყევი სიუჟეტი – მოხუცი მხატვარის შემთხვევით დაწერილმა პორტრეტმა, როგორ შეცვალა სასიკვდილო სენით დაავადებული გოგონას და დარდად ქცეული დედის ცხოვრება.

რამდენიმე საათში აი, ეს საყვარელი მოთხრობა დამიწერა.

ახლა კომპიუტერში ფაილებს ვასუფთავებდი და აღმოვაჩინე ❤ გადავწყვიტე ბლოგზე განთავსება.

მადლობა ასი და ძალიან მიყვარხარ ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.