სიხარულის წამზომი

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი ხოლმე ასეთი დროული და ჩამჭრელი შეკითხვების დასმა-მეთქი? ხმის ამოუღებლად, გულში შევეკითხე. ის ხომ ფსიქოლოგია და თან კარგი სპეციალისტიც, რომ ვერაფერს გამოაპარებ ისეთი.
მაშინ პასუხი არ მქონდა. პასუხი თავად გამცა, დააკვირდი ხოლმე საკუთარ თავს, რამდენად ხშირად განიცდი სიხარულს და ბოლოს როდის გაგიხარდაო. რაც უფრო ვერ იხსენებ სიხარულის მომენტს, უფრო მეტად ცუდადაა შენი საქმე და უნდა ისწავლო ყოველდღიური, თუნდაც პატარ-პატარა სიხარულების დაჭერა და ცხოვრებით ტკბობაო. მახსოვს, რომ დამმოძღვრა.

იმ მომენტში მართლაც ვერ გავიხსენე, ბოლოს როდის და რა გამიხარდა. მთელი ის ხალხმრავლობა, რაღაც reception, ამდენი თავაზიანი ღიმილი და ბევრი გამჭვირვალე ჭიქა, სხვადასხვა სასმელით სავსე, საუბრები, ერთმანეთის მოკითხვა და საქმიანი დიალოგი ძალიან მომაბეზრებელი იყო ჩემთვის. თუმცა შეკითხვა მართლაც დროული იყო. მივხვდი, რომ ცხოვრებით ტკბობის უნარს სიხარულთან ერთად ვკარგავდი და სასწრაფოდ თავისთვის უნდა მეშველა. მას შემდეგ ჩვევად მექცა, თუნდაც მცირე სიხარულის მომენტის დაჭერა და მისი შეგრძნება. რომ დავუფიქრდი, რამდენი მიზეზი მქონდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მე ხომ ყველაფერი გამაჩნია, რაც მინატრია და მიმიღწევია. ერთ დროს დასმული ეს შეკითხვაც: ბოლოს როდის გაგიხარდა? რატომ გამახსენდა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც დილის საუზმე მოვიმზადე და საკვების მიღებით აზრზე მოვედი. მერე ფიქრში გადავაწყვე დღის გეგმები და პრიორიტეტები. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს უფრო ხშირად ვამოწმებ ,,ბედნიერების ტესტზე“, სხვებსაც ამ შეკითხვას ვუსვამ. მაინტერესებს ხოლმე, რამდენად ხშირად განიცდიან სიხარულს, ბოლოს როდის იყვნენ გახარებულები და რამ გაახარათ. ეს ხომ მადლიერების ტესტიცაა.
იყო მადლიერი შენი ცხოვრებით, იმით, რაც გაგაჩნია, მიხვდე, რამდენად უკეთეს პირობებში ხარ სხვა, ბევრ დანარჩენთან შედარებით და შესაბამისად, ბედს არ ჰყვედრიდე შენს მდგომარეობას.
ყოველ ჯერზე, როდესაც ქუჩაში, სანაგვე ყუთებთან ახლოს მიუსაფარ და უსახლკაროს დავინახავ, საკვების პოვნის იმედით გაჩერებულს, მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ შინ ცხელი კერძი მაინც მელოდება.
ყოველთვის, როდესაც ვისმენ სხვების ვალებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ, მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ვალები, გასტუმრებასაც ასე თუ ისე ვახერხებ, ღმერთის მადლითა და ჩემი თავდაუზოგავი შრომით, რომელსაც ჩემს დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას ვწირავ.
მუდამ, როდესაც სხვა მომმართავს დასახმარებლად, ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია მცირედით, მაგრამ მაინც შევამსუბუქო სხვისი მდგომარეობა მხარდაჭერით, რჩევით, თანხის გაცემით, მატერიალური ნივთების გადაცემით ან უბრალოდ, მოსმენითა და თანადგომით.
ბედნიერება და სიხარული გადამდებია და გამრავლებადი. მათი რესურსი არასოდეს იწურება. რაც მეტ ადამიანზე ვრცელდება და მეტის გულს შეეხება, მით მეტი ადამიანი თბება ამ დროს. ღიმილივითაა ის. აი, შემხვედრი ღიმილივით. გაუღიმებ, გაგიღიმებენ. გაიხარებ, გაახარებ.
დღემდე, როდესაც მოუცლელობის ჟამს მხოლოდ პურს და ტყემალს ვჭამ, მიხარია, რადგან მაქვს საკვები და მახსენდება, მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როდესაც სტუდენტობისას, მარტო მცხოვრებს, დატვირთული საგამოცდო სესიების დროს, მხოლოდ პური და ტყემალი მქონდა საკვებად ან ჩემივე მომზადებული ერთი ქილა აჯიკა. პირს მწვავდა, მაცოცხლებდა და სტიმულს მაძლევდა, რომ თუ მშიერი მონები პირამიდებს აგებდნენ, მე ჩემი პირამიდა მქონდა ასაშენებელი, რომელსაც ჩემი პროფესიული და აკადემიური წინსვლა ერქვა.
დღესაც, როდესაც ზღვის პირას გავდივარ, ისევ ისე ვოცნებობ და მიხარია, რადგან დარწმუნებული ვარ საკუთარ წარმატებაში, როგორც მრავალი წლის წინ, ჩვიდმეტი წლის გოგო დარწმუნებული იყო, რომ ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ დიდ წარმატებას მიაღწევდა.
დღეს, როცა ყველაფერი გამაჩნია, რაც მინატრია და დამიგეგმავს, ისევ ისე მიხარია თითოეული წამი, როგორც მაშინ, როცა ამას ვოცნებობდი, დღევანდელ ჩემს წარმატებას და ეჭვი არასოდეს შემიტანია ჩემს გარდაუვალ წინსვლაში.
ინდოეთში ყოფნისას, ინსტიტუტის პროფესორმა მითხრა, მთავარია იმოქმედო, შენ სცადო და შედეგი გარდაუვალია, არც იფიქრო, რომ არ გამოვა, ის თავისთავადია. აუცილებლად გამოგივაო. თავი დავუქნიე და არაფერი ვუპასუხე. მისი ნათქვამი მომეწონა და მინდოდა დამეჯერებინა, დავიჯერე კიდეც. მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის, ოცნების, სიხარულის, ბედნიერების და მახარებს ყოველი დილა, ყოველი გაღვიძება და ახალი შესაძლებლობა უკეთესი ცხოვრებისთვის.

დღეს გრილა. დაღესტნის მთებს გავყურებ და შეკითხვაზე: ბოლოს როდის გამიხარდა? მაქვს პასუხი. რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მხრებზე თბილი შალი მოვიგდე, ჩემს დიდ აივანზე ბაჩუჩებით გავედი და რკინის, დიდი, სოფლური ჭიქიდან ყავის მაცოცხლებელი სურნელი შევიგრძენი. სულ რაღაც ერთმა ყლუპმა გამომაფხიზლა. ცას გავხედე, ჩიტებს კამარა შეეკრათ. დილა წარმატებულ დღეს მპირდება, ვიცი და ჩემი ჰარმონიული თანაარსებობა ამ ტყის სიმწვანეში მახარებს. ბოლოს როდის გამიხარდა? ამის შესახებ დავწერ ჩემს დღიურში.

5 thoughts on “სიხარულის წამზომი

  1. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ რომ არსებობთ და ასეთ პოზიტიურ სტატიებს აქვეყნებთ! ნამდვილად მაფხიზლებს თითოეული თქვენი სიტყვა.წარმატებები თქვენ!!!

  2. დიდი მადლობა ასეთ ლამაზი და გულში ჩამწდომი სიტყვებისთვის.
    დიდი მადლობა ღმერთს რომ არსებობთ და ვარსებობ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.