მიუტევეთ და მოგეტევებათ

აი, ეს სახლი კარგია…  არა, ის უმჯობესია… აქ, ბავშვები ცხოვრობენ, ფერად-ფერადი სათამაშოები მიმოუყრიათ დიდ ეზოში… იმ სახლის ნახევრად-ღია ფანჯრიდან სახედაღარული ბებო მიყურებს სოფლის გზაზე მიმავალ უცხოს… ფიქრებში გართული და ღიმილით სახეზე ერთ ყორეჩამონგრეულ, ჯინჭარამოსულ, სრულიად გავერანებულ და დაცლილ ეზო-კართან შევჩერდი და დროის მსვლელობა შევაჩერე… სადღაც, გულის გულში რაღაც ჩამწყდა, მიტოვებით, ბრაზით, სინანულითა და მიუტევებლობით გამოწვეული სევდიანი ფიქრები, რომელსაც ეს სახლი ყველას გასაგონად გულიდან ტიროდა და მიტევებაც კი უჭირდა, თავს ინადგურებდა და უფრო მეტად ვერანდებოდა…

… მიტევება მასწავლე-მეთქი, გთხოვე, არაფერი გიპასუხია. უფრო მეტადაც კი დამსაჯე. უფრო მეტი გამოცდა მომიწყვე, უფრო მეტად გამლანძღეს, მეტი ტალახი მესროლეს, დამაჩოქეს და მატირეს, მყვედრიდნენ და ბრალს ჩემსას ვეძებდი ყველგან და ყველაფერში. ვისაც ნებით თუ უნებლიეთ ვაწყენინე, ვატირე, ყველა გამომიგზავნე ჩემს დასამცირებლად და ჩემივე ქმედებებზე დასაფიქრებლად. შველას გთხოვდი, არაფერს მპასუხობდი, სანამ უკლებლივ არ დამიბრუნდა ყველა შეცოდებანი. პეტრეს სინანულით მოცულმა ავაზაკის აღსარება ჩაგაბარე და პატიებას გთხოვდი.

სიკეთისთვის პანღური მკრეს. მომისმინეს და არაფერი გაიგეს. გამლანძღეს და მხოლოდ პატიებას გთხოვდი, ჩემ გამო და მათ გამო. მომიტევეს და ბოდიში მომიხადეს. მადლობა მე გადაგიხადე.

შეურაცხყოფა მომაყენეს და სიტყვის უთქმელად გავეცალე. მხოლოდ პატიებას გთხოვდი, პატიებას იმ შეურაცხყოფისთვის, რაც სხვისთვის მიმიყენებია. ჩემს მაგინებლებს გავედრებდი და ამით საკუთარ ცოდვებს ვტიროდი. ჩემივე მტრები ჩემს კარგ მეგობრებად მიქციე და მადლობა გადაგიხადე.

მიყვარხარ-მეთქი, გითხარი და არ მომისმინე, სანამ სიყვარული და სითბო არ გადავუნაწილე ჩემ გარშემო ყველას, უპოვარსა თუ ნაცნობს, მეც მათი სევდა და სიხარული არ გავიზიარე, მათთან ერთად არ მოვკვდი და ხელახლა არ დავიბადე, მათთან ერთად არ ვიშიმშილე, ღამე არ ვათენე ცივ და სუსხიან ზამთარში, მათთან ერთად არ დამაპატიმრეს, მათთან ერთად არ გამთელეს, შეურაცხყოფა არ მომაყენეს, მცემეს და მხოლოდ ასეთად არ შემიყვარე. ამის შემდეგ მითხარი, მე უფრო მეტად მიყვარხარო და მანუგეშე, თანაგრძნობა მასწავლე. მიმიტევებია ყველასთვის და მომიტევე მეც. მიყვარხარ და შემიყვარე.

… აპრილია. ისევ იმავე სოფლის გზას ვადგავარ. ბევრ მოსახლეს შორის ისევ ის ნაცნობი ყორეჩამონგრეული, სარეველამოდებული ძველი სახლი დგას, რომელიც მიუტოვებიათ დიდი ხნის წინ. თვალუწვდენელ ეზოში მზისგულა ყვითელი ნარცისები მოფენილან ისე, რომ გოჯი მიწა არაა დატოვებული. აყვავებით გარემომ სახე იცვალა.

სახლმაც მიუტევა.

 

Vade Mecum

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.